ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

537. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა; ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

538. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

539. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

540. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

აქა ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქოწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

541. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო” , მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

542. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

543. “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

544. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია”.

545. “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე ჰგვანდა არ აღვსებისა, შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.

546. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”

547. “ცხენისაგან არ გარდავჰხე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი!”

548. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა, დღე მიგიჩს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?”

549. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

550. “ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.

551. “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიხვდა საარაკე, ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

552. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი. წამოვე, წევნა დამიწყეს; დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

553. “კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

554. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

555. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”