482. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
483. “შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა — ყველაი ფეროზისა და ლალისა, არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
484. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა?!
485. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!” თავი ხარიან; მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, — მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!
486. «აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.
487. “მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანი- ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცნეს, ზომნი, ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
488. “კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
489. “აიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა!”.
490. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.
491. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის- ცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?
492. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.
493. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
494. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა; შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!
495. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
496. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.
497. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
498. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.
499. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა”.