ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

443. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია! ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.

444. “რა მივიდა მოციქული, კვლაცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

445. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად; მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

446. “ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა, მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

447. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

448. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

449. “საღამო- ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან; “ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

450. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა.

451. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს; შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

452. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

453. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ- ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

454. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

455. “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე, ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

456. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე”.

457. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

458. “მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

459. “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

460. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის- თავის, კიდის- კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

461. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა; ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

462. “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, — ყველაკაი წვივ-მაგრობდა. დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.