ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

443. “არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკე გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

444. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე; რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

445. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

446. “ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან? ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?

447. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა ჯავშან-ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

448. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

449. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია! ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.

450. “რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

451. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად; მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

452. “ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა, მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა.

453. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

454. “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

455. “საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან; “ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

456. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე - წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა.

457. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს; შევჰყივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

458. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

459. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

460. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

461. “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე, სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

462. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?