ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

424. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

425. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

426. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

427. “დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია”.

428. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; გითხრობს, გკადრებს: ,,ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

429. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

430. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, – არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

431. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

432. “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

433. “მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”

434. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

435. “კვლაცა ეთქვა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

436. “მუნით წასული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. “შენსა ნახვასა მეფენი, – თქვეს, – მართლად ინატრიდესა”.

437. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

438. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკ-მო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.

439. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

440. “რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

441. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმან ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

442. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.