ვეფხისტყაოსანი, 1974 წ.

443. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე- წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

444. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს; შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

445. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

446. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ- ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

447. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

448. “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ავალაღებინე, ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

449. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე”.

450. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

451. “მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

452. “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

453. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის- თავის, კიდის -კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

454. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა; ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

455. “იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩიე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, –ყველაკაი წვივ-მაგრობდა, – დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

456. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, – თუცა მათ ეცა ზიანად; ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად”.

457. “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

458. “ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია, ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

459. “ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

460. “მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით, დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!”.

461. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე.