ვეფხისტყაოსანი, 1974 წ.

350. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირს-ა!”

351. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

352. “მონააო ასმათისი” – “რა იცისო”– ვარქვი, – “ჰკითხე.” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

353. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

354. “დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა; ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

355. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

356. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ თქვას, რა მინა. “მონააო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!”

357. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყვე, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

358. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

359. “კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

360. “დარბაზს მივე მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

361. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

362. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

363. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე იკითხავსო: “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

364. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შართი” ვუთხარ: “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შევე, მონა მოდგა კარის მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

365. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის- მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

366. “შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: “მანდა რად ზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

367. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

368. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უქნევია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი