ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

427. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთუარეო”.

428. “შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკუირველი და ღარიბი, უცხო პირათ და ტანითა.

429. “შეველ წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედან ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭურეტად.

430. “უბრძანა, თუ: “მოაჴსენე, ასმათ, დაჯდეს, ამილბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივსცე გულსა ლხინნი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკუირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყუი მისგან ნაუბარსა.

431. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭკნევ, ვითა ყუავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა, მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა.

432. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარია არა თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქუე-ქუე მითქუამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთუალვა.

433. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

434. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქნას და გაგემარჯვოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქნა, კულაცა ნახვა მომხუდებოდეს შენი ვირე გული მამეც გულისათჳს, ჩემი შენთჳს დაიჭირე!”

435. “მოვაჴსენე: “არ მეწყალვის თავი შენთჳს დასაწველად, მაგრა რადგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკულელად, შენ სინათლედ თუალთად ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვსჩნდე ლომი ქუელად.

436. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არვინ ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არ მკუირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

437. ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყუარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა, ღმერთი მამკლავს! ამას იქით თავსა ვეტყჳ, ამას ვსწვრთიცა”.

438. “დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყუანიცა ტკბილნი ვთქუენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

439. “მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ ბალახშ მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკუირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!

440. დილასა შევჯე, უბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა. ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

441. “დავაგდე მზღუარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია”.

442. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, “გითხრობს, გკადრებს: “ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

443. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

444. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ, ენით: არიან ერთობ მუხთალნი, — ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, — არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

445. “ჩუენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნეს, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ მართლად იყუნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხვითა, კულა და კულაცითა”.

446. “ მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთუალე: რამაზ მეფეო, ვსცან შენი დანაპირები; სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგუიდგამს ვერ ქუიტკირები; ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები.