391. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი მცა; მითხრა: “მოსვლა თქუენს წინაშე კურთხეულა ვინცა ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქუი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!
392. “შეველ, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არა ღირსა; უთხარ : “მანდა რად ზი შენ, თუ სიყუარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთჳს ჰგვანდა სიტყვა ძვირსა.
393. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთჳს მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისარღა მალობა. მაგას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყუი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.
394. “ადგა, მითხრა: “თქუენს მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭუ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთჳს ვისცა უთქმევია”.
395. წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკუდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგაჴსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა”.
396. ასმათი ადგა მისისა წიგნისა წასაკითხავად; მე ძოღან შენი ამბავი მითხრიან, ვისცა ვჰკითხ, ავად; “გიბრძანებს, –მესმის, მოვლენო, ლაშქარნი შენად მკითხავად”, ლომსა არ გმართებს ვაგლახი, თუ ჩემი თავი ითხა ვად.
397. “ბედითი ბნედა, სიკუდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყუარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია; ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩუენნი მოხარაჯენია, აწ მათნი ჯავრი ჩუენზედა ჩუენგან არ დასათმონია.
398. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კულა ჟამი არ მამჴდომია; ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მე აქა ყუელაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია.
399. “მართლად გითხრობ, მამისმინე ესე, რაცა მოგაჴსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კულადმცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!”.
400. “ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთუალვოდა! გული მიდამო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალვოდა; მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალვოდა”
401. თუალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთუარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს, რაცა არ შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”
402. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთჳს ნათლად აღმოჰჴდები, აჰა, მკუდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები”.
403. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა: ამილბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.
404. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა.
405. “ასმათს მოვართვი რჩეული თუალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხუად ჴელის შესაბამითა”.
406. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახუართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი გამინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზემი გაადიდეს.
407. “გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა მღრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.