370. ბედითი ბნედა სიკუდილი: რა მიჯნურობა გგონია჻ სჯობს საყუარელსა უჩვენნე: საქმენი საგმირონია჻ ხატაეთს მყოფნი ყუელანი: ჩვენნი მოხარაჯენია჻ აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა: ჩვენგან არ დასათმონია჻
371. შენგან ჩემისა ქმრობისა: წინასაც ვიყავ მდომია჻ მაგრა აქამდის საუბრად: კულავ ჟამი არ მამხდომია჻ ძუღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი: კუბოსა შიგან მჯდომია჻ მანდა ყუელაი მასმია: რაცა შენ გარდაგჴდომია჻
372. მართლად გითხრობ მომისმინე: ესე რაცა მოგახსენე჻ წა შეები ხატაელთა: თავი კარგათ გამაჩვენე჻ გიჯობს ცუდად ნუღარა: სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე჻ მზემან მეტი რაღა გიყოს: აჰა ბნელი გაგითენე჻
373. ასმათი მეუბნებოდა: უშიშრად არ მეკრძალოდა჻ ჩემი რა გითხრა რა ვიყავ: ლხინი რად დამეთვალვოდა჻ გული მი და მო მიარდა: ჰკრთებოდა და მემალოდა჻ მით პირი ჩემი გაბროლდა: და ღაწვი გამელალვოდა჻
374. თვალთა დავიდევ უსტარი: მე მისგან მონაწერია჻ პასუხად ვსწერდი მთვარეო: შენმცა მზე ვით მოგერია჻ მე ღ~თნ იგი ნუ მამცეს: რაც არა შენი ფერია჻ სიზმრივ მგონია დარჩომა: ჩემი ვერ დამიჯერია჻
375. ასმათს უთხარ მე პასუხსა: ამის მეტსა ვერ მივხუდები჻ ესე ჰკადრე მზეო რათგან: ჩემთვის ნათლად ამოჰჴდები჻ აჰა მკვდარი გამაცოცხლე: ამას იქით აღარ ვბნდები჻ რაცაღა სამსახურსა: ვიტყვი თუღა ვერიდები჻
376. ასმათ მითხრა მე მიბრძანა: ესე ვქნათო ესე სჯობდეს჻ ვინცა გნახოს ჩემგან მისსა: საუბარსა არა სცნობდეს჻ ჩემად ნახვად მოვიდოდეს: შენ ვითამცა გაშიყობდეს჻ დაცამვედრა ამილბარსა: უთხარ ასრე ნამუსობდეს჻
377. მეკეთა ესე თათბირი: სიბრძნე გულისა მისისა჻ მისი მზისაცა რიდება: ჰქონდის ნათლისა ვისისა჻ ვისგან მომეცა მოსმენა: არ საუბრისა მქისისა჻ ვისთა შუქთაგან უკუნსა: გვანდის სინათლე დღისისა჻
378. ასმათს მოვართვი რჩეული: თვალი ოქროსა ჯამითა჻ მან მითხრა არა არ მინდა: ვარ გამაძღარი ამითა჻ ერთი აიღო ბეჭედი: მართ აწონილი დრამითა჻ ესე კმა ნიშნად სავსე ვარ: სხვად ჴელის შესაბამითა჻
379. ქალი ადგა წამოვიდა: მე ლახვართა გულსა მრიდეს჻ ლხინმან ბნელი გამინათლა: დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს჻ შეველ დავჯე ნადიმადვე: ჩემნი სწორნი სადა სმიდეს჻ მხიარულმან საბოძვარი: გავეც ზამი გაადიდეს჻
380. გავგზავნე კაცი ხატაეთს: და წიგნი ჩემაგიერი჻ შევსთვალე მეფე ინდოთა: არისმცა ღთულებ ძლიერი჻ მათი ერთგული გაძღების: ყოველი სული მშიერი჻ ვინცა ურჩ ექმნას იქმნების: თავისა არ მადრიერი჻
381. ჩვენო ძმაო და პატრონო: თქვენგან არ გავიწბილები჻ ესე რა ნახოთ ბრძანება: აქამცა მოიარებით჻ თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ: ზედა არ მოგეპარებით჻ სჯობს რომე გვნახნე თავისა: სისხლთა ნუ ეზიარებით჻
382. კაცნი გავგზავნენ მე გულსა: მამეცა უფრო ლხინები჻ დარბაზს ვიშვებდი დამევსო: ცეცხლი წვად მოუთმინები჻ მაშინ სოფელმან საწუთრო: მიუხვის რაცა ვინები჻ აწ ხელ მქმნა რომე საახლოდ: მჴეცთაცა მოვეწყინები჻
383. პირველ გაჭრისა პირება: მერმე დასწყნარდეს ცნობანი჻ ჩემთა სწორთაგან იყვნიან: ჩემს წინა დარბაზობანი჻ მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან: სურვილთა დიადობანი჻ ზოგჯერ შემცვიან სევდათა: ვჰთქვენი საწუთროს გმობანი჻
384. დღესა ერთსა საწოლს მოველ: მეფის სრითა წამოსრული჻ ვჯე და მასვე ვიგონებდი: არ მიეცა თვალთა რული჻ წიგნი მქონდა საიმედო: ამად ვიყავ მხიარული჻ კარსა მცველმან მონა უხმო: უთხრა რამე დაფარული჻
385. მონააო ასმათისი: საწოლს უთხარ შემოყვანა჻ მოეწერა გიბრძანებსო: ვისი მესვა გულსა დანა჻ ლხინმა ბნელი გამინათლა: ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა჻ წაველ მონა წავიტანე: რამცა უთხარ ამისთანა჻
386. ბაღჩა შევვლე არა დამხვდა: კაცი ჩემი მოუბარი჻ ქალი წინა მამეგება: მხიარული მოცინარი჻ მითხრა ვაშად ამოგიღე: არ გასვია გულსა ნარი჻ მოდი ნახე ვარდი შენი: უფურჭკნელი და დაუმჭკნარი჻
387. ამიგდო ქალმან ფარდაგი: მძიმე თავისა ძალითა჻ სადა დგას კუბო შემკული: ბალახშითა და ლალითა჻ შიგან ჯდა იგი პირითა: მზისაებრ ელვა მკრთალითა჻ მე შემომხედნის ლამაზად: მის მელნის ტბისა თვალითა჻