ვეფხისტყაოსანი, 1937 წ.

370. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახვისა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

371. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - ვუთხარ, - “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

372. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

373. “შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: “მანდა რად ჰზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

374. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

375. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

376. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

377. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

378. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

379. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე, მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

380. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალოდა; გული მიდამო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

381. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

382. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

383. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

384. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

385. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

386. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაელთანა