ვეფხისტყაოსანი, 1937 წ.

500. ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

501. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

502. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად

503. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

504. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე!?

505. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

506. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევჰკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

507. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

508. “მიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.

509. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ”.

510. “ვთქვი: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

511. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია”.

512. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი–და-მო კრთებოდა.

513. “დედოფალმან თქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?” შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

514. “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

515. “კაცი მოვიდა; აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა, თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!”

516. “კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაჰვედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად”. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწევ ჭირთა მოპოვნებად”.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა