ვეფხისტყაოსანი, 1953 წ.

292. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

293. “რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

294. “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე; ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!

295. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

296. “აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა, ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა, გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა. ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”.

297. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

298. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური, მისი იქმნას, რაცა გინდა; იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

299. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!”

300. “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

301. ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების; ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების.

302. “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუთუ ყოს ღმერთმა გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

303. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

304. “კაცმან ვით ჰპოოს, ღმერთისაგან რაც არა დანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

305. “მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა; პირველ - შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კვლა - ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.

306. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

307. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

308. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ დაჰყარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

309. მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!”

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა

310. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.