ვეფხისტყაოსანი, 1949 წ.

273. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

274. უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალაქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა, ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

275. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

276. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

277. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

278. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა”.

279. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

280. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

281. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად; რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

282. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს; ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს.

283. მობრუნდეს; ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა; ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

284. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ-დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

285. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

286. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

287. “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით: გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

288. “ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ; ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ; ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

289. “ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

290. “მიბრძანა: ”მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”. სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს, გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?

291. “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე გლახა-ა”.