ვეფხისტყაოსანი, 1949 წ.

253. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე; არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

254. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

255. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

256. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

257. “აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა; თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

258. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

259. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

260. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

261. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვსჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

262. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

263. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

264. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

265. ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

266. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

267. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

268. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

269. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

270. “რად დაბრუნდი?” მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი, და-.

271. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე; მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვთქვი: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

272. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?”