ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

256. “მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე. არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ მაგონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე, შენთვის მოვჰკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე:

257. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

258. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა; უკანამან წინა ჰნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, სტირს, იძახის ვაგლახ-ვასა!

259. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

260. “აწ, დაო, შენსა ხელსაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა; თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

261. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

262. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

263. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულ-თქმა სულ-თქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

264. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

265. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შეველხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

266. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება; ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ჰნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

267. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

268. ავთანდილ ქალმან დაჰმალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ჰშვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

269. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდ-ხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

270. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები; მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დასჯდა იგი ყმა, სულ-თქვამს ჭირ-მონამატები, – სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

271. მან ქალმან ხელ-ჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა; ერთი ახლიჩა, – ქმნაა საქმისა ძნელისა– ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

272. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეჰკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი; ცალ-კერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

273. “რად დაბრუნდი?” მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკიდა.

274. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვთქვი: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

275. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?