ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა.

177. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს; ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

178. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; სთქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

179. ახალმან ფიფქმან დასთოვა, ვარდი დათრთვილა, დაჰნასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ან ასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

180. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო სჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

181. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა ჰჰსდის ზღვათა შესართავისად, უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვსთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

182. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა, ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

183. მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ჰნახავს, ვერას შვილსა ადამისსა; იგი ჭირი არ უჰნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

184. მას მიჰხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა; გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა, მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

185. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღაა, ამად სულ-სთქვამს, ამად იშობს; “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს”,კვლავ ამისთვის გულმოშიშობს; “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

186. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. სთქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

187. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი.”

188. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული! –” ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

189. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ; დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ”.

190. კვლავცა იტყვის: “დათმობა ჰსჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

191. თავს უთხრა: “მოჰკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა, მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა; გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა.” იგონებს წამწამ, მიჰყვების ტყის-პირსა შამბნარ-წყლიანსა.

192. “ყოვლნი არსნი ცათ-ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად სთქვიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

193. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია; მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია: გაჰსცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

194. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოჰსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ეჰნახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

195. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდაჰხდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.