ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

196. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდაჰხდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

197. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი ჰნახა, მისკენ მივიდოდეს; სთქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლავ ყოფილა არაოდეს.

198. ჩვენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ, ვინც გვნახვეს ვეჯანებით. შეირტყა წელთა აბჯარი, შეჯდა ტანისა ჯანებით, მზად აქვს მშვილდი და ისარი, ხრმალი მოიკრის ჯანებით, მისმან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯა ნებით:

199. ხელთა ჰქონდა ისარი-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

200. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამზგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე და ცეცხლნი ავსენ; ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

201. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატავეთს არე მარეთა.

202. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით; გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

203. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით; მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; “მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი ვავაქილენით; ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

204. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამჰნახავითა

205. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, – მით არას მოაზრენია, – მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

206. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია; ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია, – ჯერ მისი მზგავსი შვენება კაცთაგან უჰნახავია.

207. “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვთქვით თუ: "მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!" მისი მოგვინდა შეპყრობა, ვკადრეთ და შეველცადენით, ასრე სულ-თქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

208. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქე ნებით; ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

209. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

210. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, "დადეგო!" ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

211. „ჩვენი ძმა გლახ დაკოდილი, მასვე წამსა ჩამოვარდა. მისმან შიშმან დაგვაწყნარა, იგი ყოლე არ აჩქარდა, მასმცა მიღმა რაღა ვკადრეთ, ვისგან ყოფა გაგვიმწარდა. ვჰსთქვით თუ უხრმლოდ მოგვერია, ხრმლითა დაგვჭრის ფარაფარდა.“

212. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყიწა.

213. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”; შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

214. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა; კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, – მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

215. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა; აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!