ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

138. ჰსთქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე. მაშინ რაღა ვჰქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლავ უგრძესადრე; და ხამსა მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე.“

139. საწოლს დაწვა, ჰსტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, და შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

140. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ; რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, და ცხენსა შეჰჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

141. დარბაზს ეჯიბი შეჰგზავნა, მართ მისგან შენარონია; შეჰსთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია, ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია; და აწ თუ ჰსჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია.

142. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო; თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილ ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, და ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო.”

143. მეფესა ესთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა, და წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვჰქმნა, თუ სიშორისა გრძელობა.

144. ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოახსენა: “ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა, აწ ნუ-თუმცა კვლავ ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა, და პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა.

145. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი; სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; და როსტან მისთვის აატირა გონიერი, გული ლბილი.

146. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი, ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, და არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან ჰსწვავს ალი.

147. რა მოვიდა, სიხარული შიგან გაჰხდა სამეფოსა, მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა. იგი პირ-მზე არ მოჰსცდების სიარულსა სასწრაფოსა, და მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

148. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა; გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა; ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა; და გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

149. ესეა მონა შერმადინ ზემოდცა სახელდებული, თანაშეზრდილი, ერთგული და მისთვის თავდადებული. მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული; და აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

150. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან; მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან, და მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

151. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა; ცხელნი ცრემლნი ასოვლებდეს ნარგიზთაგან ვარდსა ზრულსა; ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, და აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

152. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვჰქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა; ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა;“ და მომცა წამალი გულისა, აქამდის დაკარგულისა.

153. “პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად: ჰხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად; მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად, და ჰხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

154. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა; ჩემწილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა; და ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

155. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდე, ჰპატრონობდე, დარბაზს კაცსა გაგზავნიდე და ამბავსა მათსა ჰსცნობდე, წიგნსა სწერდი ჩემმაგიერ, უფასოსა ძღვენსა ჰსძღვნობდე: და აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდე.

156. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ-წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე; მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჰსჭკნა ხე, და არ მოვბრუნდე მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

157. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთვრალია: მიხვდათქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. და გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.