ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1637. დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვითკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1638. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

1639. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი, ერთმანეთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი! ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1640. ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი – შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1641. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი”, – იზახდიან, ამას ხმობდეს.

1642. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; – ზედა დასხდეს ხელმწიფურად, – დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი ღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1643. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.

1644. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, –მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1645. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1646. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

1647. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1648. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ჩემი დამიშურვა.

1649. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1650. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო? რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა, მოგელის ლომსა მთვარეო!”

1651. როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები”.

1652. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, – წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე, – ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1653. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1654. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1655. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1656. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.