ვეფხისტყაოსანი, 1949 წ.

1618. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: “არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, — ყველაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა: “მოვიდა იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.

1619. მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, — იალამიან. ვერ გამოენდვნეს ინდონი; თქვეს, თუ “ღალატსა ლამიან”, არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1620. ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქვენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1621. მაშინ-ღა იცნეს ტარიელ, მათგან მიდამო სრბანია, სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის ბანია; ხმა მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხვა მაღალმან აწ მოგვცა წყალობანია”.

1622. კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1623. ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია; რომე სდის ცრემლი თვალთაგან ცეცხლთაგან უფრო ცხელია; თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1624. რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კვლა დაიზახნა ტარიელ, უფროსნი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თალთაგან სდის და მიწყობით მილნია. მოვიდეს, ყელსა მოეჭვდნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

1625. დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1626. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად; უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო”, ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად: “ღმერთმან რისხვა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.

1627. ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყვის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1628. ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი, მე რა ვქნა, დედაო! წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, აღარ სადა ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწყურნა, “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.

1629. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები, ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები, ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ-ერთხელები.

1630. რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1631. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება, ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1632. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დავცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1633. უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო: ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

1634. დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა, ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1635. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

1636. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი, ერთმანეთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი; გონება და ანუ ენა გამოთქმიდა ვითა ვისი, ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!