ვეფხისტყაოსანი, 1983 წ.

1521. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1522. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1523. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1524. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა. სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა,

1525. შინა წავიდეს ყოველნი, შინა თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1526. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა; მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1527. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1528. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1529. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრთა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1530. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა”.

1531. “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა, თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1532. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე – სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1533. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს; მოახსენეს: “მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

1534. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა უთხრა: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება. ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება”.

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1535. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტთა ამაზრზენია, ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1536. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მსგავსისა.

1537. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1538. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1539. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი;