ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

1521. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1522. “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1523. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1524. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყვანი- სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა. მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1525. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხვა მისებრი ვერა პოოს, ცათამდისცა აღ-ცა-ფრინდეს!

1526. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა, რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა!

1527. “თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა? დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1528. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა. კვლა მეფემან თაყვანი- სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1529. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, — ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა, — წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1530. მეფე ადგა,მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!

1531. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

1532. მოეხვია, გარდაკოცნა მან პირისა არე-მარე: “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა -რე, გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1533. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირსა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1534. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რად-ღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1535. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1536. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1537. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1538. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა, მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

1539. შესხდეს, წავიდეს ყველანი, შინა თავისა მარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1540. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა; მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.