ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

1494. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების, მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! რადგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების.

1495. „ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა, მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა, ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1496. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1497. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად. თვით იგი იაჯს, რომელიც ჰსჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1498. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1499. “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა. –

1500. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1501. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ჰნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუ-დგა, თაყვანის სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა. მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1502. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხვა მისებრი ვერა პოოს, ცათამდისცა აღცაფრინდეს!

1503. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა, – ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა– რამცა ვკადრე შეცილება, რასაც იგი ოდენ სჯერა!

1504. თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება; უშმაგომცა ვით მოგმდურდა, თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?! დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1505. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა; კვლავ მეფემან თაყვანი-სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1506. ფრიდონ შესჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, — ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა — წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1507. მეფე ადგა,მოეგება; ყმა გარდაჰხდა, რა მივიდა, ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა!

1508. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რადგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან?”

1509. მოეხვია, გარდაკოცნა მან პირისა არე-მარე:– “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არემარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე-მარე, ხვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1510. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უჰზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1511. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1512. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1513. მეფემ ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან; დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.