ვეფხისტყაოსანი, 1938 წ.

1387. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.

1388. “ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1389. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ; ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1390. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა; აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1391. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1392. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; თქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1393. ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირს–პირ ომი არ ძალ–გვიც, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1394. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან; ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1395. “აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1396. “აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

თათბირი ავთანდილისა

1397. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან; ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ–ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო–ახლო ყივიან!?

1398. “რა გახვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.

1399. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროდა მოვეკაზმი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

1400. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1401. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით, ყოველნი, მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად, თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1402. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1403. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.