ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

1328. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა; შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1329. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა; გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

1330. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა; “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1331. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.

1332. უცნობო- ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1333. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა; თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

1334. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, — სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1335. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1336. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა; იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1337. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1338. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1339. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირს-ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1340. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზე-მთისა წყარომან, მორწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1341. “მე ვერა გიყო ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1342. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი. შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, — ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, — მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1343. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1344. მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით; ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით; აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1345. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად; “ რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1346. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა; უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა; მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1347. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა; იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა!”