ვეფხისტყაოსანი, 1983 წ.

1309. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1310. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია. ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია? მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1311. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1312. მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა; მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა, მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1313. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა; იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა? და-ცა-გვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!”

წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1314. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1315. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1316. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა:“გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1317. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახის, დახოცის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1318. ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

1319. “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, – იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1320. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

1321. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლდებოდა.

1322. ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1323. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: – სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, – “რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!.”

1324. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

1325. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1326. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1327. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.