ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

1319. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისა მჭვრეტსა “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა: წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა, ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1320. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა, თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა. ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: სიწყნარე გმობილი ჰსჯობს სიჩქარესა ქებულსა”.

1321. უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1322. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჰსჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

1323. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან, მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან, სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1324. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი არ-ოდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია.

1325. ტარიელ ჰნახა ნაწერი კვლავცა მკვლელისა მისისა იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1326. იტყვის. “თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი, ჰხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; აღსდეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარჰდომილისად, ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1327. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ხმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1328. მერმე ტარიელ ამბავსა კითხავს, აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა კრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა.

1329. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა. “მე შენი ქება ვითა ვსთქვა, ბრძენთაგან საქებარისა. ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1330. “მე ვერა გიყო ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი”. შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1331. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ჰზის, არ ბარგოსანი. შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი; – ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი; – მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1332. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთვრალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1333. მათ რა ჰნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით”.

1334. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად “რა სცანო, რა ჰქმენო, მიამბეს, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1335. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1336. ასმათ რა ჰნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა”.

1337. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა ჰძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია”.

1338. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა, ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა; კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.