ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

1253. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1254. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1255. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები; ”რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1256. ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1257. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1258. ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის-წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!” თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1259. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო-ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”

1260. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1261. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1262. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1263. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, — იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, — მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1264. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1265. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ-ნაფუშავისა.

1266. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1267. “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1268. ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1269. “აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანთანა

1270. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

1271. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.