ვეფხისტყაოსანი, 1949 წ.

1213. ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1214. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა

1215. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1216. “დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, — ჩასლვა იყო ოდენ მზისა, — წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა.

1217. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1218. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1219. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1220. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1221. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია.

1222. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

1223. “როშაქ ბრძანა: ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყვები”.

1224. “გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1225. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1226. “ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა თქვეს: არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1227. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენი თქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1228. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1229. “კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1230. “კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა.

1231. “არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1232. “როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.