ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

79. ერთმანერთსა “თუ მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს, მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”.

80. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით: მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, ვერად ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

81. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ას-ჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”.

82. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

83. იგი ორნივე საგრილად გარდაჰხდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა, მოჰსდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხევთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის-ტყაოსნისა

84. ჰნახეს უცხო მოყმე ვინმე, სჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანასტირსა.

85. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხვის ტყავისა, ვეფხვის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭერი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა ჰნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

86. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად. მუნვე ჰსწვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარისად, ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

87. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდ-ხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი სტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რადმე ამოჰსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა, გაჰსდის, ვითა ნაგუბარი.

89. სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან, ესე მეფისა ბრძანება ერთ-ხელ კვლავ ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

90. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტენს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა, თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნდა”.

91. მეფე გაჰკვირდა, გაცაწყრა, გული უძს მისთვის მწყრომარე გაჰგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

92. მონანი მიჰსდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, სტირს მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგან, ჰნახა ლაშქართა ჯარია ერთ-ხელ ესე ჰსთქვა: “ვა მეო!” სხვად არას მოუბარია.

93. თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ხმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შესჯდა, – მონათამცა საუბარნი რად იყურნა. – სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განჰკურნა.

94. მონათა ხელი გაჰმართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

95. მეფე გასწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა, მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ჰნახნა; რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, – როსტან ამად ივაგლახნა.

96. შესხდენ მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

97. რა ჰსცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა – ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.