ვეფხისტყაოსანი, 1957 წ.

1095. მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.

1096. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1097. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1098. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუ-წვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე- ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1099. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1100. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი-და-მო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1101. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

1102. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!”

1103. მოთქვამს: “მოვკალ, ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა, გამზრდელნი, ვა გაზრდილნი! ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1104. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1105. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1106. “ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, ხვაშიადის ვერ მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1107. “ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.

1108. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1109. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! “ამა საქმისა ვერ ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნწე არსა”. ნუ ეჭვ სულდგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!

1110. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1111. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წაცამყვანელად, კვლავე მიჰყივლა:“ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1112. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1113. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზე-და-ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1114. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.