ვეფხისტყაოსანი, 1949 წ.

1059. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1060. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

1061. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა მეტად ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1062. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1063. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1064. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1065. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1066. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.

1067. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1068. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1069. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1070. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1071. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1072. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1073. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1074. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა, სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

1075. ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

1076. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

1077. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ-პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.