ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

942. “მან მიბრძანა: “მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისით კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად, აწ შევიქცე, რა ვუამბო, რად, მოვეო ჯაბან-ხრდლურად?”

943. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

944. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა; მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

945. “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსა მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

946. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე, მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს – ჭმუნვა გაადიდე!

947. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი”.

948. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

949. “არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

950. საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

951. ლექსთა მკითხველო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია; მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია.

952. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

953. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!”

954. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

955. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა.”

956. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლეითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

957. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა; ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

958. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალი ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხანს იდგეს შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

959. გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონისასა

960. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი საით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!