ვეფხისტყაოსანი, 1978 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგა ჰქმენო”– დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა; – ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!”

62. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

63. “ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, – ვარ საწუთროსა თმობითა, – ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

65. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”.

66. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

67. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

68. – “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

69. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

70. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

71. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

72. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

73. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

74. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

75. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს: მიხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს, მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

76. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”,

77. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია, იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.