59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?”
61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა? “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა; ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!”
62. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”
63. “ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.
64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”
65. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”.
66. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა!
67. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”
68. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”
69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!”
70. კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად! – ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.
71. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.
72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
73. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
74. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს: მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარი დაელივის, მონანიყე მოართმიდეს, მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”,