ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

903. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და-! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

904. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

905. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

906. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

907. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია!

908. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი! ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

909. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!

910. “ვარდი ამას ვით იაზრებს, – მზე მომშორდეს, არ დავჭნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

911. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

912. წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

913. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

914. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

915. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა, არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

916. “აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა. ვერ დაშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით -ა.

917. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

918. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?” შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

919. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, აღარა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით, თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!

920. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

921. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”