ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

904. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს. გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, – მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

905. “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ლომ - ვეფხის დახოცისა

906. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

907. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

908. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი, – სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, – შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

909. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდა ვეფხმან გული, – დედათამცა გამოჰრიდნეს! – ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

910. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

911. “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

912. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!

913. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, ა-ცა-ტირდა.

914. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

915. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

916. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

917. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

918. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია!

919. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი! ვა, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

920. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!

921. “ვარდი ამას ვით იაზრებს, - მზე მომშორდეს, არ დავჭნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”