ვეფხისტყაოსანი, 1983 წ.

884. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

885. შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”.

886. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

887. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

888. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, – ნახე მათალი ბრჭობილი! – პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

889. “თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

890. მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად; საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად; რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

891. დამორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი, კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი; გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

892. ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?

893. “არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების! არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების? მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების. ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.

894. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, – გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, – მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?!

895. “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა

896. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

897. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

898. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამორიდნა ვეფხმან გული, – დედათამცა გამოჰრიდნეს! – ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

899. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

900. “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

901. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!

902. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.