ვეფხისტყაოსანი, 1974 წ.

845. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

846. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

847. “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი! მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი.

848. “ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

849. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო.”

850. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა, “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

851. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

852. “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

853. კვლა იტყვის: “მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

854. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი, ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ პოვა, მივა მჭვუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

855. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე? რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ამით გამილხინე!”

პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა

856. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი; თქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.

857. რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა; ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

858. რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

859. ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული, კვლა სხვაგან –ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული, მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

860. თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.

861. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა; ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?” მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

862. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა, ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა.

863. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”.