ვეფხისტყაოსანი, 1949 წ.

808. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

809. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

810. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

811. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

812. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა! მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა; პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

813. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

814. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

815. “თუღა გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.

816. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

817. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ პოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.

818. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

819. თავდადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

820. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

821. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!” პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი; “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

822. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

823. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

824. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუ თუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

825. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”