ვეფხისტყაოსანი, 1987 წ.

788. ,,მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

789. ,,არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?!

790. ,,რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შედრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

791. ,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

792. ,,მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდეს ჟამისად.

793. ,,თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, – მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე -მლმობელმან.

794. ,,მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

795. ,,რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად! შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

796. ,,ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

797. ,,გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, – ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, – ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

798. ,,გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

799. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: ,,ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

800. ილოცავს, იტყვის: ,,მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

801. ,,ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა, ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

802. ,,ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე”.

803. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა! მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

804. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

805. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: ,,არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრიე შენ, ვაზირი გულის-გული.