ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

750. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?! რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!. სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

751. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ? რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ! ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

752. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

753. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

754. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან?!

755. “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

756. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”.

757. ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”.

758. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

759. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული.

760. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს, და არცა სდიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

761. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა; კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა, მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

762. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა; ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

763. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად!

764. “ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”.

765. კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი. წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

766. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

767. ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

768. თქვა: ”ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

769. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშა ვითა, ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”