ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

39. თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვისთქვამს კვლავ დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია, – ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მზგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ჰნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გაჰხდის უფრო წყლულად: საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქალისა; სთქვა: “ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუ თუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან: მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან! მოდით და ჰნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან.”

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა. ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვეზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, სთქვეს:– “უთქმელია ფასისა!”

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დაჰსვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა; მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა; ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

46. უკუ სდგეს და თაყვანი-ჰსცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დაჰსვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა; ქალი სსტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, – ამად სტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, – ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა.”

48. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი. აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.”

49. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების; უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შეჰსდის და გაედინების”.

50. “მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია; უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა, დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემ, შენია, რას არა - დაკარგულია!”

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი;” მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუ ვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა”.

54. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვენაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

56. დღე ერთ გარდაჰხდა, პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა; “ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა.

57. თავსა ჰზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია, ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია; სთქვეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”

58. თქვეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩაჰვარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ჰქმნილა”. ავთანდილ სთქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, - რაცა შეგვეცილა. ვკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”