ვეფხისტყაოსანი, 1938 წ.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა

672. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი განამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი განამლოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

673. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

674. გაეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა; ესე თქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

675. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

676. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

677. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”

678. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

679. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

680. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

681. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი, – შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

682. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

683. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

684. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანი-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

685. მას ავთანდილ თაყვანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა.

686. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

687. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

688. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!”

689. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

690. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა-ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.