ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

632. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

633. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”

634. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი.

635. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

636. “მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

637. “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”

638. “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, ნუ ვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

639. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი? თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი”.

640. “ფრიდონ-გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

641. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე; მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

642. “ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

643. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

644. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა”. თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა!”

645. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

646. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

647. “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, –არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, – ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

648. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს, რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

649. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

650. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად-გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

651. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.