ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

632. “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

633. “კვლავაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს”.

634. “წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ ა, ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

635. “არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად”.

636. “მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობს ღა ამას რომელი? მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

637. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა-მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!”

638. “ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, – გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

639. “კაცნი იხმნა მასვე წამსა, - ესე საქმე დავიურვეთ, — უბრძანა თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ; მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ?

640. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

641. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”

642. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი.

643. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

644. “მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

645. “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”

646. “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

647. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი? თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი”.

648. “ფრიდონ-გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

649. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

650. “ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

651. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!