ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

594. “დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე: სპათა ვუთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! ” ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

595. “ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავრიდო, და! დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა.

596. “მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

597. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

598. “კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს. იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

599. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე, ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

600. “აწ იგი იქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა; ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!”

601. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და-! ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

602. “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

603. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

604. “კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

605. მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

606. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ “ვა!”

607. “კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ -მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.

608. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

609. “თვით ორნივე ბიძაძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი გაამტირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

610. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით. მომკალ, თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

611. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძაძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

612. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”