ვეფხისტყაოსანი, 1987 წ.

556. ,,მე შევუთვალე: ,,მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე, თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

557. ,,იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! – ერთიღა მე ვარ მემკვიდრე – ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია.”

558. ,,ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ- მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!

559. ,,შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან - დარეჯანის დაკარგვისა

560. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

561. ,,გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინა-რე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე.

562. ,,იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა!»

563. ,,ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

564. ,,მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე»

565. ,,მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: «მიხმეთო», ხმა-მაღლა გახმამყივარდა, მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

566. «ჰკადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგნიან; მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

567. «აწ თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა».

568. «მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

569. «დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან»; მან აგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან»

570. «პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად შვენოდეს. დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს; «ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

571. «როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!»

572. «ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

573. «რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

574. «ზღვითაკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.