ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

547. “მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა; მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ჰხამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

548. “იცი, ინდოთა სამეფო რაზომი სრასაჯდომია! ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია. ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამარლით ტახტი უჩემოდ არავისად მისახდომია!

549. “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია, ღმერთმან არ მოგცა ყმა-შვილი, გიზის ერთაი ქალია. ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია, სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხმალია.

550. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

551. ესე კაცნი გამეგზავნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე, მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

552. “გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირ-სისხლი-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

553. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა, შორით ვუხმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა, მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა,

554. “ახლოს მივე, კვლავცა ვკითხე: “რაშიგან ვართ, თქვი მართალი, კვლავ საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი, დიდ-ხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

555. “მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე; მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე, ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე.

556. “მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭირა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიძახა, მიხმეთო, ხმა მაღლა გახმამყივარდა, მოგჰნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

557. “ჰკადრეს, აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ჰბრძანებს. ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან, მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დაჰსთმიან.

558. “აწ თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა. მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა, თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზადესა.

559. “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ჰფიცის, თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის, ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

560. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან, “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან, მან ეგრე სთქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან.

561. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს, შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს: “ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ, ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს,

562. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე, არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე, აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე.

563. “ხელი მიჰყო, წამოჰზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულ-ჰთქმნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

564. “რა დავარ გასძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოჰსდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩაჰსვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

565. “ზღვათაკე განვლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა დავარ სთქვა, “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არდა; ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლ-მდინარდა.